ელექტრონული გადახდები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ჩვენ ციფრულად ვიძენთ პროდუქტებსა თუ მომსახურებებს ყოველდღე. მაგალითისთვის, თუ თქვენ საქართველოში, რომელიმე ბანკის ფილიალში შეიტანთ $100-ს, შემდეგ ბრიტანულ ონლაინ მაღაზიაში გამოიწერთ ნივთს და ჩამოგაჭრით თანხას, ეს ონლაინ გადახდების საშუალებით მოხდება.
ერთი შეხედვისას შეიძლება ელექტრონული გადარიცხვის ეს პროცესი მარტივად მოგვეჩვენოს. რეალურად კი ისინი საკმაოდ კომპლექსურ სისტემას ქმნიან და თანამედროვე ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. ისტორიის განმავლობაში ადამიანები ვაჭრობისთვის მხოლოდ პირდაპირ გაცვლას და ნაღდ ფულს იყენებდნენ, თუმცა ეს ყველაფერი 1950-იანი წლებისთვის შეიცვალა, როდესაც მაღაზიება, ბანკებმა თუ სხვა ინსტიტუტებმა ელექტრონული გადახდების ინტეგრაცია მასიურად დაიწყეს. 2015 წლისთვის, მხოლოდ ამერიკაში, 95 მილიარდი ელექტრონული ტრანზაქცია განხორციელდა. ახლა კი ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს ეს სისტემა.
პირველ რიგში დავიწყოთ ამ პროცესში ჩართული მოთამაშეების აღწერით, რომლებიც მონაწილეობენ ყველა მსგავს ტრანზაქციაში. ესენია მომხმარებელი, მომხმარებლის ბანკი, გამყიდველის ბანკი და გადახდის ქსელი. მომხმარებელს აქვს სადებიტო ან საკრედიტო ბარათი, რომელიც მას წვდომას აძლევს საკუთარ ან კრედიტულ თანხებზე. მათ ეს თანხები შეუძლიათ გამოიყენონ სხვადასხვა ონლაინ თუ ფიზიკური შესყიდვისას. მომხმარებლების ბანკები, რომელმაც ბარათები გასცა და მომხმარებლის თანხაა განთავსებული, ცნობილია როგორც გამცემი ბანკები. გამცემი ბანკი უზრუნველყობს ტრანზაქციის შემოწმებას და ავტორიზებას, ასევე გარანტიას, გამყიდველს გადაუხადოს შესყიდული პროდუქტისთვის შესაბამისი თანხა. გამყიდველის ბანკი კი წარმოადგენს ერთგვარ თანხის მიმღებს. სწორედ ამ ბანკიდან ანაღდებს გამყიდველი მის კუთვნილ თანხას. მიმღები ბანკი სავაჭრო ობიექტებისთვის გადახდის ქსელში წვდომას უზრუნველყოფს, რასაც მათი ტრანზაქციების ავტორიზებით აკეთებს და ასევე უზრუნველყოფს იმას, რომ მოვაჭრე თანხას სწრაფად და უსაფრთხოდ მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტულ ბანკს შეუძლია შეითავსოს, როგორც მიმღების ისევე გამცემის ფუნქციაც. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია იმავე ბარათითვე ვიყიდოთ პროდუქტები, რომელზეც დაგვერიცხა ჩვენი ხელფასი.
და ბოლოს არის გადახდის ქსელი, რომელიც აკავშირებს ყველა ჩართულს მხარეს, რათა შესაძლებელი გახდეს ელექტრონული გადახდები. გადახდის ქსელის მაგალითებია ცნობილი Visa ან MasterCard-ი. ვნახოთ როგორია ტიპიური გადახდის პროცესი.
პროცესის პირველი ნაბიჯი, ავტორიზაცია, იწყება მაშინ როდესაც მომხმარებელი ბარათის მონაცემებს ვებ გვერდზე შეიყვანს, ან მაშინ, როცა ფიზიკურად ტერმინალზე დააფიქსირებს. ბარათის წაკითხვის შემდეგ, ციფრული შეტყობინება, რომელიც შეიცავს ტრანზაქციის დეტალებს მომხმარებლებლის ანგარიშის ინფორმაციასთან ერთად, იგზავნება სავაჭრო ობიექტიდან ან ვებგვერდიდან მიმღებ ბანკში. მიმღები აფორმატებს გადახდის დეტალებს და შემდეგ გზავნის მას გადახდის ქსელში, მაგალითისთვის VisaNet-ში.
როდესაც ვიზა ნეტი იღებს ამ მესიჯს, ის ამოწმებს მას თაღლითობის, ფულის გათეთრების და სხვა არალეგალური საქმიანობების პრევენციისთვის სხვადასხვა კომპლექსური ინსტრუმენტებით. შემოწმების დასრულებისთანავე, გადახდის მოთხოვნა გადამისამართდება გამცემ ბანკთან, რომელიც ამოწმებს არის თუ არა გადახდის განსახორციელებლად საჭირო თანხა მყიდველის ანგარიშზე. თუ ანგარიშზე საკმარისი ფულია ხელმისაწვდომი, გამცემი ბანკი განათავსებს “დაკავებას” ან “შეკავებას” ამ თანხებზე. შეკავება, როგორც წესი, გულისხმობს ანგარიშზე ჩამოსაჭრელი თანხების ხელმისაწვდომობის გაყინვას. ამის შემდეგ გამცემი ბანკი გზავნის შეტყობინებას უკან ქსელში, რომელიც თავის მხრივ უგზავნის დასტურის შეტყობინებას მიმღებ ბანკსაც. მიმღები ბანკი კი იღებს გადახდის და ბარათის დეტალებს. გამყიდველს ადგილზევე ეგზავნება დადასტურების შეტყობინება და – გილოცავთ, თქვენ უკვე შეიძინეთ პროდუქტი. რაც არ უნდა საკვირველი იყოს, ეს მთლიანი პროცესი რამდენიმე წამი გრძელდება. მომხმარებელი სასურველი პროდუქტით ან სერვისით გადის (ონლაინ) მაღაზიიდან, ხოლო გამყიდველი კმაყოფილია, რადგან იცის, რომ მისი ბანკი გადაუხდის ჩარიცხულ თანხას.
როგორც ვხედავთ, ამ ყველაფრის წარმართვა არ არის მარტივი ამოცანა, ამიტომაც ბიზნესები იხდიან მცირე საფასურს ამ რთული სისტემისთვის, რომელსაც ყველასთვის სარგებელი მოაქვს. მაგალითისთვის, ბიზნესისთვის ელექტრონული გადახდები ტრანზაქციებს ასწრაფებს რაც ნიშნავს პატარა რიგებს და მეტ მომხმარებლებს. ასევე მას მინიმუმამდე დაჰყავს ქურდობის და თაღლითობის რისკები. მყიდველებისთვის კი ციფრულად გადახდა უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხოა ვიდრე ნაღდი ფულის ტარება.
GIPHY App Key not set. Please check settings