in

სესხის აღება და რესტრუქტურიზაცია

ზოგჯერ ფული ხელფასამდე გჭირდება, ან ახალი ტექნიკის ან ავტომობილის შეძენა გინდა, შეიძლება ახალ სახლში გადაწყვიტე გადასვლა. ამ დროს სურვილების თუ საჭიროებების ასასრულებლად შეგიძლია სესხი აიღო.

საბანკო ვალდებულების აღებისას აუცილებელია, წინასწარ მოიძიო ინფორმაცია და ალტერნატივებიდან შენთვის ყველაზე ხელსაყრელი და შესაფერისი აირჩიო.

ვიდრე სესხს აიღებ, წინასწარ გათვალე საკუთარი შესაძლებლობები და აუცილებლად გაითვალისწინე შემდეგი პირობები:
სესხის გაცემის საკომისიო;
სესხის განაღდების საკომისიო;
ანგარიშის მომსახურების საკომისიო;
უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის და მოხსნის ხარჯები;
მოძრავი ქონების გირავნობის რეგისტრაციისა და გაუქმების ხარჯები;
სესხის უზრუნველყოფის სახით წარმოდგენილი ქონების დაზღვევა;
მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა.

ვიდრე სესხის პირობებს დათანხმდები, ყურადრებით წაიკითხე ხელშეკრულება, ნახე რა არის ხელშეკრულების საგანი და პირობები გაეცანი ყველა პუნქტს, მათ შორის ვადაგადაცილების პროცედურებს, მოქმედების და შეწყვეტის პირობებს. ასევე უნდა იცოდე რა სანქციები დაგეკისრება ვალდებულების არ შესრულების შემთხვევაში, როგორია დაფარვის გრაფიკი, სესხის ვადა და ვალუტა.

თუ სესხს ისეთ ვალუტაში იღებ, რომელშიც შემოსავალი არ გერიცხება, შესაძლოა სავალუტო რისკის წინაშე აღმოჩნდე – თუ შემოსავალი და სესხი განსხვავებულ ვალუტებშია, კურსის ცვლილება ხარჯებზეც აისახება.

სესხის მოცულობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, შენი შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით. სხვადასხვა ბანკი განსხვავებულ პირობებს გთავაზობს, სესხის მოცულობის ზედა ზღვარიც სხვადასხვა ბანკის შემთხვევაში ინდივიდუალურია. ზოგიერთ შემთხვევაში, სესხის მოცულობისა და ვადის მიხედვით ბანკმა შესაძლოა, სესხის უძრავი ქონებით უზრუნველყოფა ან თავდები მოგთხოვოს.

ხელშეკრულებას ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოაწერე, რაც ყველა პუნქტს გაეცნობი და დარწმუნდები, რომ მზად ხარ ვალდებულების შესრულებაში.

თუმცა რა ხდება, თუ მოულოდნელად სამსახურის გარეშე დარჩი? ან შემოსავლები შეგიმცირდა და სესხის დაფარვას ვეღარ ახერხებ? ასეთი შემთხვევებისას უმჯობესია, გადახედო ყოველთვიურად ხარჯებს და ისე ეცადო მათ შემცირებას, რომ ვალდებულების შესრულება შეძლო, თუმცა თუ პრობლემა მასშტაბურია შეგიძლია სესხის რესტრუქტურიზაციას მიმართო.

რესტრუქტურიზაციისას გადაიხედება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და გაგრძელდება ისეთი ახალი პირობებით, რომლებიც მისაღები იქნება როგორც სესხის გამცემისთვის, ასევე შენთვის – სესხის მიმღებისთვის.

რესტრუქტურიზაციის შემდეგ შესაძლოა სესხის ვადის გაზრდა – გაიზრდება საბოლოოდ გადასახდელი თანხაც, თუმცა შემცირდება ყოველთვიური გადასახადი. ასე მოიგებ დროს და ყოველთვიური ხარჯი შეგიმცირდება.

შეგიძლია სესხების გაერთიანებაც, რაც საშუალო საპროცენტო განაკვეთს შეამცირებს. თუ სარგებლობ საკრედიტო ბარათით, განვადებით და ოვერდრაფტით – ჯობია აიღო სამომხმარებლო სესხი და ყველა ვალდებულება გადაფარო.

რესტუქტურიზაცია სესხის მომსახურებისას პრობლემების თავიდან არიდებაში გეხმარება. პანდემიის პირობებში, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამო ბანკებმა მომხმარებელს შესთავაზეს სესხის დაფარვის 3 თვით გადავადება. ეს სესხის რესტურქტურიზაციის მაგალითი იყო.

რესტრუქტურიზაცია გეხმარება დარჩე კეთილსინდისიერ გადამხდელად და არ გაგიფუჭდეს საკრედიტო ისტორია, რათა მომავალში უკეთესი პირობებით უფრო მარტივად აიღო სესხი.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

სოციალური საწარმო

ეკონომიკის ანბანური ტესტი | ვ