ბევრჯერ გიყიდია ნივთი, რომელიც არ გჭირდებოდა? ყველა ასეთი შესყიდვის შემდეგ, თავს პირდები, რომ შემდეგ ხელფასზე სხვანაირად მოიქცევი. მაგრამ გარშემო, უამრავი ცდუნებაა, რომელსაც ვერ უმკლავდები და ამას ხელფასის ბოლო დღეებში ნანობ.
ილია ჭავჭავაძე, არა მხოლოდ პირველი ქართველი ბანკირი იყო, არამედ სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი, ვინც გვირჩია, როგორ გაგვენაწილებინა თვის ბიუჯეტი. გახსოვს რას აკეთებდა მისი ნაწარმოების გმირი ოთარაანთ ქვრივი? 5 ქისა ჰქონდა, რომელშიც თავის ფულს სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით ანაწილებდა, მაგალითად ერთში წინასწარ დებდა მოჯამაგირის ფულს, მე-2-ში ვენახის შესაწამლ ფულს, მე-3-ში სხვა ხარჯების ფულს და ა.შ.
თანამედროვე ექსპერტების რჩევები, თუ როგორ უნდა გავანაწილოთ ბიუჯეტი და დავზოგოთ თანხა, მსგავსია. მნიშვნელოვანია ფულის ხარჯვა ქაოტურიდან მოწესრიგებულ სისტემაში გადავიყვანოთ. ერთ-ერთი რეკომენდაციაა, შემოსავალის 3 ნაწილად დაყოფა: 50% დავხარჯოთ აუცილებელ პროდუქტებსა თუ სერვისებზე: საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, ტრანსპორტირებაზე და ა.შ. 30% ფუფუნების საგნებზე: კინოს ან კონცერტის ბილეთებში, ყვავილების ახალი ვაზაში, ეგზოტიკური ხილში და ა.შ. 20% კი – შევინახოთ. ძირითადად წინასწარ ვიცით იმ პროდუქტების შესახებ, რომლის ყიდვაც აუცილებლად მოგვიწევს თვის განმავლობაში, ამიტომ შესაძლებელია მათთვის ხელფასის პირველივე დღეს გადავდოთ თანხა, დარჩენილი კი გადავანაწილოთ. ნუ ეცდები მთელი მორჩენილი თანხის შენახვას, ასე მოტივაციას სწრაფად დაკარგავ და გრძელ ვადაში ნაკლები დანაზოგი გამოგივა.
კიდევ ერთი გზა, ყოველ საღამოს ფულის დამრგვალებაა. მაგალითად, თუ ოთხშაბათს საღამოს შენს ანგარიშზე დარჩენილია 654 ლარი, დაამრგვალე, ნაშთი კი შეინახე. შეგიძლია დაამრგვალო 650 ლარამდე, 4 ლარი შეინახო, ან დაამრგვალო 600 ლარამდე და 54 ლარი კი შეინახო. ასე თან გეზოგება, თან ყოველდღიურად აახლებ ინფორმაციას დარჩენილი ფულის შესახებ და ძალაუნებურად უფრო გონივრულ ხარჯვას იწყებ. ეს მხოლოდ რამოდენია მრავალი მეთოდიდან, თუ როგორ გავანაწილოთ სწორად ბიუჯეტი და გავაკეთოთ დანაზოგი.
GIPHY App Key not set. Please check settings