სად იცხოვრებდი – რეალურ სამყაროში თუ ვირტუალურში? გასულ წელს მეტავერსის ბუმი იყო და გადაიარა. თუმცა არ გამქრალა და ალბათ ისევ მობრუნდება. მითუმეტეს, ეფლის ახალი სათვალის პრეზენტაციის შემდეგ ბევრის მოლოდინი გაიზარდა.
გსმენია მეტავერსზე? მეტავერსი ვირტუალური რეალობაა, სადაც მომხმარებლებს ერთმანეთთან ინტერაქცია და კომუნიკაცია შეუძლიათ, ოღონდ ეს ყველაფერი ციფრულ სივრცეში ხდება. მეტავერსში შეგიძლია შექმნა, გამოიკვლიო და ჩაერთო სხვადასხვა აქტივობებში – თამაშებითა და სოციალიზაციით დაწყებული ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული.
როგორც უკვე ვთქვით, ეფლმა Apple Vision Pro სათვალეები დააანონსა, რომელიც თვალებით, ხელებითა და ხმით იმართება და მომხმარებელს საშუალებას მისცემს აუგმენტურ და ვირტუალურ სამყაროში შეიხედოს. მსგავსმა პროდუქტებმა შესაძლოა ახლო მომავალში მართლაც შეცვალონ რეალობა და რადგან ეფლის ყველაზე დიდი კონკურენტი მეტაა, სავარაუდოა რომ საპასუხოდ რაიმე პროდუქტს ისინიც წარუდგენენ საზოგადოებას და მეტავერსიც ისევ აქტუალური გახდება.
ამჯერად მეტავერსის ეკონომიკური შესაძლებლობები განვიხილოთ. მეტავერსს ტრადიციული ეკონომიკური მოდელების შეცვლისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის პოტენციალი აქვს.
მეტავერსში გვხვდება ვირტუალური აქტივები, როგორებიცაა ციფრული ვალუტა, ვირტუალური საქონელი და NFT. ამ აქტივებს ღირებულება რეალობაშიც აქვთ და შეგვიძლია ვიყიდოთ, გავყიდოთ ან გავცვალოთ მეტავერსის ფარგლებში. შესაბამისად იქმნება ციფრული ეკონომიკა, რომელშიც მომხმარებლები ვირტუალურ ვაჭრობაში ერთვებიან და შემოსავალს სხვადსხვა ეკონომიკური აქტივობების შედეგად აგროვებენ.
მეტავერსი აჩენს ახალ შესაძლებლობებს დასაქმებისთვის. როცა ამ ვირტუალურ სამყაროში ბიზნესი იხსნება, მოთხოვნა ჩნდება დეველოპერებზე, დიზაინერებზე, მოდერატორებზე, მარკეტერებსა და სხვა კადრებზე. გარდა ამისა, ადამიანებს ვირტუალური მომსახურების შეთავაზება და ვირტუალური პროდუქტის გაყიდვაც შეუძლიათ.
ჩვენთვის ნაცნობი სამყაროს მსგავსად მეტავერსშიც გვხვდება ინფრასტრუქტურა და ვირტუალური უძრავი ქონება. კომპანიებსა და ინდივიდებს შეუძლია ვირტუალური მიწის, შენობების და სივრცეების შეძენა ან მათში ინვესტიცია.
მეტავერსში მაღაზიებს შეუძლიათ თავიანთი “ფილიალის” გახსნა და როგორც ვირტუალური, ასევე ფიზიკური პროდუქტის გაყიდვა. გინდა გამოსცადო პროდუქტი, ვიდრე შეიძენ? ამაში აუგმენტური რეალობა (AR) დაგეხმარება – შეგიძლია რეალურ სამყაროში ციფრული ელემენტები გამოსცადო. მაგალითად, თუ ტახტის შეძენა გინდა, AR-ის დახმარებით შეგიძლია ნახო, მოუხდება თუ არა შენს ოთახს.
მეტავერსში ინტეგრირებულია ელექტრონული კომერციის პლატფორმები, რომლებიც უზრუნველყოფს ვირტუალურ და რეალურ სამყაროს შორის შეუფერხებელ ტრანზაქციებს.
მომხმარებლებს მეტავერსში შეუძლიათ სხვადასხვა მომსახურების მიღებაც – ვირტუალური კონსულტაციები, გართობის სერვისები, საგანმანათლობლო პროგრამები და ა.შ. მაგალითად, მეტავერსში ტარდება ვირტუალური კონფერენციები და ღონისძიებები, რაც გლობალურ აუდიტორიას იზიდავს და ამცირებს ფიზიკურ ბარიერებს.
აქ ვხვდებით ბანკებსაც, რომლებიც ჩვეულებრივ ფუნქციონირებენ. მეტავერსში შეგიძლია საბანკო ტრანზაქციების განხორციელება, ციფრული ვალუტის მართვა და, რაც მთავარია, აქ შენი ვირტუალური აქტივები საიმედოდაა დაცული. იმისათვის, რომ ხალხი ვირტუალურ ფინანსურ ინსტიტუციებს ენდოს და ციფრულ ეკონომიკაზე გადავიდეს, საჭიროა დაცულობის შეგრძნება.
რატომ შეიძლება მოუნდეს ბიზნესს ვირტუალური ფილიალის გახსნა? მეტავერსში არ არსებობს გეოგრაფიული ბარიერები და მწარმოებელს შეუძლია თავისი პროდუქტი მთელი მსოფლიოს მომხმარებლებს შესთავაზოს. ასე კომპანიების მომხმარებელთა რიგები საგრძნობლად იზრდება.
გარდა ამისა, ვირტუალური რეალობა კიდევ უფრო მარტივს ხდის, რომ კომპანიებმა მომხმარებელს მათზე მორგებული, ინდივიდუალური და კრეატიული ფორმით შესთავაზონ პროდუქტი. ბიზნესის მსგავსი ქცევა კი ბრენდისადმი ერთგულებას ზრდის.
მეტავერსი მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის ჯერ კიდევ სიახლეა, თუმცა კომპანიები უკვე იწყებენ ვირტუალური სივრცის ათვისებას და ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების მოსინჯვას. მეტავერსი ბიზნესებსა და ბანკებს გლობალური აუდიტორიით იზიდავს და მის განვითარებასთან ერთად ვირტუალურ სამყაროში კიდევ უფრო მეტ და დიდ კომპანიას უნდა ველოდოთ.
GIPHY App Key not set. Please check settings