in

შინაური ცხოველების ეკონომიკა

ბოლოს დროს გამოჩნდა სიახლეები, რომ შინაური ცხოველის ყოლაზე შესაძლოა ყოველთვიური გადასახადი დაწესდეს. საუბარია საბლისა და ალიკაპის გარეშე ძაღლის გასეირნებისთვის ჯარიმის გაზრდაზეც. რადგან ეს თემა აქტუალურია, საინტერესოა, ზოგადად რა ხარჯებთანაა დაკავშირებული შინაური ცხოველის ყოლა.

შინაური ცხოველები ბევრი ოჯახის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი თავიანთი პატრონებისთვის მეგობრები და ემოციური მხარდამჭერები არიან, თუმცა ამის გარდა, შინაური ცხოველის ყოლას ეკონომიკური გავლენებიც აქვს, მათ შორის მათი კვებისა და ვეტერინარის ხარჯები, სამომხმარებლო ქცევები და ზოგადი ეკონომიკური გავლენა შინაური ცხოველების ინდუსტრიაზე.

ცხოველის ყოლა სერიოზული ფინანსური ვალდებულებაა, ამიტომ სახლში მათ მოყვანამდე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა და ბიუჯეტი. 

2017 წლის ACT-ის კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობის 20%-ს ჰყავს შინაური ცხოველი ან ფრინველი. 

ამ კვლევის მიხედვით, ცხოველების პატრონები მათ მოვლაზე თვეში საშუალოდ 38 ლარს ხარჯავდნენ, თუმცა მას შემდეგ ფასებიც გაიზარდა, ლარმა მსყიდველობითუნარიანობა დაკარგა.

კატების და ძაღლების კვება ყველაზე ძვირი ღირს და შესაძლოა დღეს ასეულობით ლარსაც მიაღწიოს. მღრღნელებსა და ფრინველებს კი 10-20 ლარის საკვებიც ჰყოფნით.

აშშ-ში 87 მილიონ ოჯახში ჰყავთ რომელიმე ცხოველი მაინც. 2022 წელს აშშ-ში ცხოველთა პატრონებმა 136 მილიარდ $-ზე მეტი დახარჯეს. ეს თანხები ცხოველთა კვებასა და სხვადასხვა საჭირო ნივთებს, ვეტერინართან ვიზიტებსა და სხვა მომსახურებებს მოხმარდა. მთლიანი თანხიდან 58 მილიარდი $ ცხოველთა საკვებზე დაიხარჯა, ხოლო ვეტერინარულ მომსახურებაზე 35 მილიარდი $. ამ ხარჯებში შედის დიაგნოსტიკური შემოწმებები, აცრები, ოპერაციები და სხვა სამედიცინო პროცედურები. 

შინაური ცხოველის ყოლა გავლენას ახდენს მომხმარებელთა ქცევაზე. მაგალითად, ცხოველთა პატრონები ყიდულობენ სპეციფიკურ პროდუქტს ან მომსახურებას, როგორიცაა ცხოველის დაზღვევა, გრუმინგი, წვრთნა. ცხადია, ამ ყველაფერს სხვა შემთხვევაში არ შეიძენდნენ. კვლევების თანახმად, ცხოველთა პატრონები მზად არიან წლიურად 2250$ გადაუხადონ შინაურ ცხოველებზე გათვლილ ბიზნესებს. ამას გავლენა აქვს მომხმარებელთა ხარჯვაზე და ბიზნესებიც ცდილობენ, მოერგონ შინაურ ცხოველთა ინდუსტრიას.

ცხოველების ინდუსტრიას აშშ-ს ეკონომიკურ აქტივებში ყოველწლიურად 250 მილიარდი $ შეაქვს, ხოლო ამ სფეროში 2.8 მილიონ ადამიანზე მეტია დასაქმებული. მათ შორის არიან ცხოველთა პროდუქტების მწარმოებლები, ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებლები და ცხოველებთან დაკავშირებული პროდუქტებისა და მომსახურების გამყიდველები.

გარდა ამისა, ცხოველებთან მეგობრულ ბიზნესები, მაგალითად სასტუმროები და რესტორნები, იზიდავენ ცხოველების პატრონებს და ამით დამატებით შემოსავალს იღებენ.

შინაური ცხოველის ყოლას დადებითი გავლენა აქვს ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე. კვლევების თანახმად, ცხოველის პატრონობა ამცირებს სტრესსა და შფოთვას, არეგულირებს წნევას და ზრდის ფიზიკურ აქტიურობას. ამას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაზე და გაზარდოს პროდუქტიულობა, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის მომგებიანია. მაგალითად, აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ შინაური ცხოველის ყოლით შესაძლებელია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ 11.7 მილიარდი $ დაზოგოს ჯანდაცვის ხარჯების შემცირებით.

როგორც ვხედავთ, შინაური ცხოველის ყოლას გავლენა აქვს ეკონომიკაზე, როგორც ცალკეული ინდივიდისა თუ ოჯახისთვის, ასევე ზოგადად. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველის ყოლის ხარჯები შესაძლოა მაღალი იყოს, ცხოველთა ინდუსტრია ქმნის სამუშაო ადგილებს და თავისი როლი შეაქვს ეკონომიკაში. შინაური ცხოველების ყოლას გავლენა აქვს მომხმარებელთა ქცევასა და ჯანმრთელობაზეც. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ყველა ეს ფაქტორი ვიდრე ცხოველის პატრონობას გადავწყვეტთ.

What do you think?

Written by giga

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

GIPHY App Key not set. Please check settings

ურთიერთობების ეკონომიკა

რამდენად კარგად იცნობ ფულს?