ალბათ ხშირად გაგიგონია, რომ სოფლები არ უნდა იცვლებოდეს, მაგრამ რეალურად მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს ურბანიზაცია, მოსახლეობა გადადის ქალაქში და ასევე საქალაქო ტიპის დასახლებებიც იზრდება. ზოგიერთ სოფელში ნელ-ნელა იცვლება მოსახლეობის საქმიანობის ტიპი, იზრდება მოსახლეობა და დასახლებად ჯერ დაბად, შემდეგ კი ქალაქად შეიძლება იქცეს.
დღეს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი საქალაქო ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. თუ ტრენდი გაგრძელდება, 2050 წლისთვის მოსახლეობის 70% ქალაქში იცხოვრებს. ამჟამად საქართველოს მოსახლეობის 60% ქალაქებში ცხოვრობს.
შეუწუხებიხარ თბილისის ქუჩებში საცობს? ეს ერთ-ერთი ხშირი პრობლემაა, რომელიც ურბანიზაციას ახლავს თან. ამის თავიდან ასარიდებლად საჭიროა სწორი და გონივრული დაგეგმარება. ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელია გამართული სატრანსპორტო სისტემა. მოძრაობისა და დაკავშირების მარტივი და შეუფერხებელი საშუალება ეხმარება ვაჭრობას, პროდუქტიულობას და მთლიანად ეკონომიკას.
ერთი მხრივ, კარგად დაგეგმილი სატრანსპორტო ქსელები ხელმისაწვდომს ხდის პროდუქტსა და მომსახურებას, რასაც საბოლოოდ ეკონომიკაზე აქვს დადებითი გავლენა. მეორე მხრივ, სატრანსპორტო საცობები დაკავშირებულია ეკონომიკურ გართულებებთან – კვლევის მიხედვით, ლონდონში მძღოლები საცობში ყოველწლიურად 156 საათს ატარებენ, ეს კი ქალაქის ეკონომიკას 5.7 მილიარდი დოლარი, თითოეულ მძღოლს კი 1700 $ უჯდება.
ეკონომიკურად ძლიერი და მდგრადი ქალაქების ასაშენებლად მიწის ათვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. სწორი ურბანული დაგეგმარება იწვევს ეკონომიკურ ზრდას, ასეთი ქალაქები კი მიმზიდველი ხდება ინვესტორებისთვის.
ქალაქებს ეკონომიკაში ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ – მთლიანი შიდა პროდუქტის 80% აქ გროვდება. სწორად წარმართული ურბანიზაცია ხელს უწყობს პროდუქტიულობის ზრდას და ინოვაციების გაჩენას. თუმცა ურბანიზაციის სწრაფი ტემპი სხვადასხვა სირთულესთანაა დაკავშირებული. საჭიროა საცხოვრებლის პრობლემის სწრაფი გადაჭრა, ინფრასტრუქტურის, მათ შორის სატრანსპორტო სისტემების გამართვა, მოსახლეობისთვის საბაზისო მომსახურებებისა და სამუშაო ადგილის მიწოდება.
ქალაქებში მაღალია ეკონომიკური აქტივობა. ურბანული დასახლებები იზიდავენ ბიზნესებს, სამუშაო ძალას და ინოვაციებს. ქვეყნების უმრავლესობაში ქალაქებში უფრო მაღალია ხელფასები, ვიდრე სასოფლო დასახლებებში. ამაზე გავლენა კონკურენციას, პროდუქტიულობასა და დასაქმების მრავალფეროვან ბაზარს აქვს. ქალაქები ხშირად ტურისტებისთვისაც მიმზიდველია, რაც ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავალია.
როგორც ხედავთ, ურბანიზაციას დიდი გავლენა აქვს ეკონომიკაზე, რაც ქალაქებს მიმზიდველს ხდის, როგორც ადამიანებისთვის, ასევე ბიზნესებისა და ინვესტიციებისთვის. ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი სწორად წარიმართოს, რისთვისაც სწორი დაგეგმარება, გამართული ინფრასტრუქტურა და გონივრული ეკონომიკური პოლიტიკაა საჭირო.
GIPHY App Key not set. Please check settings