in

ფასების ზრდის აკრძალვა (?!)

ცოტა ხნის წინ ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 6 ოქტომბრიდან ფასების ზრდა ქვეყანაში იკრ ძა ლე ბა! ქართულ მედია სივრცეში ამ განცხადების შესახებ სხვადასხვანაირი კომენტარები გამოჩნდა და მათ შორის ზოგიერთი იწონებდა ამ ფაქტს.

ფასების სტაბილურობა კარგია, ისიც კარგია ყველაფრის ყიდვა მარტივად შეგვეძლოს, მაგრამ რეალობაში რამდენად შესაძლებელია რომ სახელმწიფომ ან ვინმემ აკრძალოს ფასების ზრდა? ან თუნდაც პირიქით, ფასების შემცირება?

ზოგადად, ფასები სრული თავისუფლების პირობებში მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით დგინდება, ზედაპირულად რომ ვთქვათ: თუ რაიმე პროდუქტზე მოთხოვნა დიდია მიწოდება კი ცოტა – ფასი მაღალი იქნება. თუ მოთხოვნა მცირეა და მიწოდება ბევრი – დაბალი, ხოლო როდესაც მოთხოვნა მიწოდებას გაუთანაბრდება, მაშინ იარსებებს ე.წ. “წონასწორული ფასი”. ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებთ, თუ უფრო დეტალურად გაინტერესებს, ამ ორ წინა სტატიას გადახედე:

https://orjerori.ge/ekonomika/phasebi-balanss-qmnian
https://orjerori.ge/ekonomika/mothkhovna-mitsodeba-ekonomikis-ai-ia

მოკლედ რომ ვთქვათ, თავისუფალი ბაზრის პირობებში ფასები დგება იმის მიხედვით თუ რამდენ ადამიანს უნდა ესა თუ ის პროდუქტი და რამდენი მიმწოდებელია მზად ამ პროდუქტის საწარმოებლად და გასაყიდად. თუმცა, სრულად თავისუფალი ბაზარი რეალობაში არ არსებობს და ფასის მოთხოვნა-მიწოდების მიხედვით დადგენა რეალობასთან ახლოს კი დგას, მაგრამ 100%-იან სიმართლეს არ ასახავს.

მთავრობებს საფასო კონრტროლის გარკვეული მექანიზმები გააჩნიათ. ისინი ხანდახან კონკრეტულ პროდუქტებზე და სერვისებზე აწესებენ ფასის ზედა და ზოგჯერ ქვედა ზღვარსაც (ქვედას მაშინ, როდესაც მწარმოებლების ხელშეწყობა უნდათ). ასეთი საფასო კონტროლს განსაკუთრებულ შემთხვევებში, მცირე რაოდენობის პროდუქტებზე და მცირე ხნით იყენებენ. მაგალითად კრიზისული სიტუაციის დროს ადამიანებისთვის აუცილებელ პროდუქტებზე.

თუმცა, ბაზარში ხანგრძლივი ხელოვნური ჩარევა იწვევს მომწოდებლების დაკარგვას, პროდუქტების დეფიციტს, ხარისხის შემცირებას და დახლქვეშა ვაჭრობას. როდესაც ფასების აწევა დასჯადია და მიმწოდებელს სხვანაირად არ უღირს პროდუქტის შემოტანა, მაშინ ის ან საერთოდ უარს იტყვის მოწოდებაზე, ან ჩუმად გაყიდის, რაც მისთვის რისკია და შესაბამისად პროდუქტი იმაზე ძვირი იქნება, ვიდრე ლეგალურად ფასის აწევის შემთხვევაში იქნებოდა.

ცხადია, რომ ფასების კონტროლი ლუკაშენკოს არ გამოუგონია და ისტორიაში ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში, ბაბილონში, რომსა და საბერძნეთში გვხვდება. უფრო ახლო ისტორიაში ამერიკაში პირველი და მეორე მსოფლიო ომების პერიოდში ენერგეტიკის ფასი იყო რეგულირებული. ზოგჯერ გამოიყენება ბინის გაქირავების ფასის, ზოგიერთი საკვები პროდუქტის, საწვავის და ა.შ. ფასების კონტროლი. საერთოდ უნდა გამოიყენებოდეს თუ არა ასეთი მექანიზმი, ამაზე სხვადასხვა იდეოლოგიის და შეხედულების მქონე ეკონომისტი და ადამიანი სხვადასხვა პასუხს გაგვცემს, თუმცა თუ ცალკეულ შემთხვევებში არის შანსი რომ საფასო კონტროლმა გაამართლოს, რისკი იმისა რომ “კარგი განზრახვა” ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს ძალიან დიდია. ფასის ზედა ჭერის განსაზღვრა დიდი ალბათობით ჭარბ მოთხოვნასთან, ქვედა დონის დადგენა კი ჭარბ მიწოდებასთან მიგვიყვანს. რაც შეეხება საერთოდ ყველა პროდუქტზე ფასის აკრძალვას – არ გვგონია ამის თვითონ იდეის ინიციატორსაც სჯეროდეს.

როდესაც ლუკაშენკო ზოგადად ყველა პროდუქტზე კრძალავს ფასების ზრდას, ნიშნავს რომ ინფლაციას კრძალავს. ინფლაციის შეჩერება, უბრალოდ აკრძალვით რომ იყოს შესაძლებელი ცუდი არ იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ შეუძლებელია. ასეთი პოპულისტური ხელოვნური ჩარევებით კი ქვეყნები როგორც წესი უარეს შედეგებამდე მიდიან, ვიდრე ჩარევის გარეშე მივიდოდნენ.

What do you think?

Written by Orjer Ori

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კონკურენცია და თანამშრომლობა

გაუთვალისწინებელი შედეგები პრობლემებს წარმოქმნიან